იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული. თუმცა, იმ დღეს ბარდნიდა თელავში, თოვდა თეთრი სითეთრე აპრილის ციდან. ძველნი ამბობენ: თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო. იგიც გამორჩეული ქართველი იყო. მისი დათოვლილი ხედები კი – მამულის ტფილი ხატები.
ელენემ თელავში მიიღო დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1906-1907 წლებში დიმიტრის ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც შემდეგ შეიძინეს ცნობილი ისტორიკოსის, თედო ჟორდანიას სახლი კლარა ცეტკინის ქუჩაზე.
ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომ ყველას ეგონა, ელენე ჩინებული მუსიკოსი გამოვიდოდა მომავალში. მაგრამ იგი მხატვრობამ გაიტაცა და დაწყებითი მხატვრული განათლება მიიღო ნიკოლა სკლიფასოვსკის და ფოგელის სამხატვრო სტუდიაში.
1922 წელს ელენე ახვლედიანი შედის ქალაქ თბილისში ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში.
922 წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, ელენე საზღვარგარეთ მიავლინეს ჯერ იტალიაში, ხოლო 1924 წლიდან სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, პარიზის კოლაროსის აკადემიაში (1922-1927).
პარიზში გატარებული წლები ელენე ახვლედიანისთვის ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობის წლებად იქცა. პარიზის სურათებთან ერთად, საქართველოდან წაღებული ჩანახატების მიხედვით, მხატვარი ქმნიდა თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით მიძღვნილ პეიზაჟებს: “ძველი თბილისი” (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), “კახეთი-ზამთარი” (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), “ძველი თბილისი” (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), “თელავი” (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი).
ელენე ახვლედიანი პარიზში ცხოვრების პერიოდში იღებდა მონაწილეობას გამოფენებზე. ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე „შემოდგომის სალონი“ (1924 წ), პიკასომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ე. ახვლედიანის ტილოს „კახეთი, ზამთარი“ და ყიდვა მოისურვა. რაზეც ე. ახვლედიანმა კახური პირდაპირობით უპასუხა: „ეს ნამუშევარი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს არ გავყიდი“. ამ შემთხვევის შემდეგ მათი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. პაბლომ თავისი ავტოლიტოგრაფიაც აჩუქა.
დიდი წარმატება ხვდა წილად 1926 წლის ოქტომბერში პარიზის გალერეა “კუატრ შემენში” გამართულ პერსონალურ გამოფენას. ელენე ახვლედიანის სურათებს იძენენ კოლექციონერები, ცნობილი მხატვრები. “დამოუკიდებელ სალონში“ მოწყობილ გამოფენაზე, პოლ სინიაკმა მოისურვა მისი სურათის შეძენა. ორი ტილო იყო გამოფენილი „ძველი თბილისი“ და „ქართული პეიზაჟი“. ელენეს საჩუქრად უნდოდა რომ ებოძა, მაგრამ სინიაკმა საჩუქრის სახით არ მიიღო და ხუთასი ფრანკი გაუგზავნა.
პარიზში ყოფნის პერიოდში ე. ახლედიანის შემოქმედებამ ფრანგი კრიტიკოსების დიდი ყურადღება მიიპყრო. ამას მოწმობს ის რეცენზიები, რომელიც ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში (გაზ. „დებატ“, ჟურნალი „ლელუნქსი“ და სხვ.) იბეჭდებოდა.
პარიზის კაფე “როტონდაში”, ბოჰემურ ხელოვანთა თავშეყრის ადგილას, ელენეს ყურადღება მიიპყრო ერთი ქალბატონის იისფერმა თვალებმა და მისმა არაჩვეულებრივმა გამოხედვამ. მას მერე იგი მუდამ ოცნებობდა, რომ კიდევ ენახა ეს თვალები. შემდეგ, როდესაც ფილმი “ქალი კამელიებით,” ნახა, აღმოჩნდა, რომ ეს უცნობი იყო ცნობილი კინომსახიობი გრეტა გარბო. ელენეს არ უყვარდა კინო, მაგრამ გრეტა გარბოსადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ თუ სადმე გადიოდა “ქალი კამელიებით,” აუცილებლად წავიდოდა. ერთხელ დაითვალა, რომ ეს ფილმი 118-ჯერ ჰქონდა ნანახი.
ელენე ახვლედიანის ნამუშევრები ექსპონირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში… მხატვარმა მიწვევა მიიღო ჰოლანდიიდანაც მისი ნამუშევრების ექსპონირების თაობაზე, თუმცა ეს გამოფენა ვეღარ მოეწყო, რადგან დედის გარდაცვალების შესახებ ცნობა მოუვიდა სამშობლოდან. 1927 წელს ელენე დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც შემდგომში აღარც დაბრუნებულა.
1927 წლის ივნისში სასტუმრო „ორიენტის” გვერდით, რუსთაველის პროსპექტზე, მოეწყო “პარიზიდან დაბრუნებულ ელენე ახვლედიანის სურათების გამოფენა”. იმავე წელს ქართველ მხატვართა საზოგადოებამ გამოსცა “მხატვარ ელენე ახვლედიანის სურათების გამოფენა კატალოგი”. გამოიცა შალვა მალხაზიშვილი იგონებს: “ჩვენ მაშინ „მემარცხენე ფრონტს” ვეკუთვნოდით და ირაკლი გამრეკელი, სიმონ ჩიქოვანი და მე ერთად წავედით გამოფენაზე. გვეგონა, რომ პარიზიდან ჩამოსული ქართველი მხატვარი უთუოდ პიკასოსებურ კუბისტურ სურათებს ჩამოიტანდა (მაშინ ჩვენ გატაცებული ვიყავით კუბიზმით). ჩვენი იმედები რომ გაქარწყლდა, გადავწყვიტეთ ობსტრუქციის მოწყობა, მაგრამ ელენე ახვლედიანის სურათების თვალისმომჭრელმა სილამაზემ, უდიდესმა ფერადულობამ და მხატვრტული ტექნიკის საოცრად მაღალმა დონემ ისე დაგვატყვევა, რომ მისი ხელოვნების უაღრესად დიდი თაყვანისმცემლები გავხდით…”.
ელენე ახვლედიანის გამოფენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ რუსეთიდან ახლადდაბრუნებულმა კოტე მარჯანიშვილმა გამოფენის ხილვის შემდეგ იგი თეატრში მხატვრად მიიწვია, სადაც მთელი სიცოცხლის მანძილზე არ შეუწყვეტია მუშაობა. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
ერთხელ ცნობილმა პიანისტმა ჰენრიხ ნეიჰაუზმა ელენე ახვლედიანის ფერწერის ხილვისას მხატვარს მიმართა: “თქვენი ფერწერა ჩემში ისევე იწვევს მუსიკალურ შეგრძნებებს, როგორც მუსიკა აღძრავს ჩემში ხედვით სახეებს, ხანდახან კი ფილოსოფიურ აზრებსაც კი”.
1975 წელს სსრკ ფინანსთა სამინისტროში ქალთა სურათების გამოფენა გაიმართა, ელენე ახვლედიანის ხელმძღვანელობით.
მისი გარდაცვალების შემდეგ სახელოსნო, რომელშიც მხატვარმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, სახლ-მუზეუმად იქცა
ლიტერატურა:
ელენე ახვლედიანი, კატალოგი, თბ., 1965;
ელენე ახვლედიანი, ალბომი, შემდეგ ვ. ჭიაურელი, ტექსტის ავტ. ე. პრივალოვა, თბ., 1980;
ურუშაძე ნ., ელენე ახვლედიანი თეატრში, თბ., 1968;
ელენე ახვლედიანის “ქეიფი გზაზე” – მერი ისკაკოვა
Елена Дмитриевна Ахвледиани. Моя Родина. Альбом, М., 1972;
Е. Ахвледиани. Избранные произведения. Альбом, М., 1987;
Беридзе В., Езерская Н., Исскуство Советской Грузии. 1921-1970, М., 1975;
კარბელაშვილი მ., ქსე, ტ. 2, გვ. 104-105, თბ., 1977
კარბელაშვილი მ., ენციკლოპედია “საქართველო”, ტ. 1, გვ. 298, თბ., 1997
ნათელა ურუშაძე “როგორ მოხდა ჩვენი გაცნობა”
შალვა მალხაზიშვილი – “მოგონებები”
ირინა კალანდაძე – “მოგონებები”
ზაზა აბაშიძე – “მოგონებები”
182–ე საჯარო სკოლის ვებ გვერდი – ლინკი
ვიკიპედია – ლინკი
ეკატერინა მელიქიძე – ელენე ახვლედიანის “უკვდავი სამყარო”
No comments:
Post a Comment